Friday, December 14, 2012

ვიზუალური სახე

  ტაძრის შიდა სივრცეს ძირითადად ცენტრალური ჯვრის მკლავები და მათზე აღმართული გუმბათი ქმნის. ჯვრის მკლავებიდან გვერდითებს ორჯერ აღემატება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღრმა მკლავები. თვითონ გუმბათი კი დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებზე და დასავლეთით თავისუფლად მდგარ ორ სვეტზე. გუმბათის ყელი მეტად მაღალია, მას სიმაღლეს მატებს ზემოთ არსებული სამალავების გამო სარკმელების დიდ სიმაღლეზე მოთავსება, თუმცა გარედან აღნიშნული ასიმეტრიულობა არც კი შეინიშნება.
გუმბათის ყელი ათწახნაგოვანია. თითოეული წახნაგი ცალ-ცალკეა და თაღებითაა შემოფარგლული. სარკმლების შემომყოლ ორნამენტოვან არშიას გარს უვლის შეწყვილებული ლილვი, რომელიც ეყრდნობა ბურთულებიან კვადრატებს. გუმბათზე სარკმელთა რაოდენობა ხუთია, ისინი ათ წახნაგზე თითოს გამოტოვებით მდებარეობენ, მათ შორის კი ცრუ სარკმლებია განლაგებული.
გუმბათი თავდაპირველი სახით არ მოღწეულა, იგი რაღაც მიზეზით დაზიანებულა და შემდეგ აღუდგენიათ. შიგნით გუმბათი თავიდან თლილი ქვით ყოფილა ამოყვანილი, ხოლო რესტავრაციისას გუმბათის კამარა მთლიანად აგურით აღუდგენიათ, გარედან კვლავ ძველი ქვები არის გამოყენებული.

  ტაძრის ინტერიერს გუმბათის აღნიშნული ხუთი პატარა სარკმლის გარდა, ანათებს ჯვრის ყოველ მკლავში მოთავსებული თითო სარკმელი, ამდენად შიდა სივრცისათვის სინათლის წყაროს აღნიშნული ცხრა სარკმელი წარმოადგენს, რაც ბუნებრივია, საკმაოდ მოზრდილი ტაძრის განათებისათვის საკმარისი არ არის. თუმცა მკვლევართა მიერ ტაძარში ასეთი „ამოღამება“ იმ პერიოდის არქიტექტურული სტილის გამოხატულებადაა მიჩნეული, როდესაც აიგო სამების ეკლესია. ეპოქის დამახასიათებელ ნიშნადაა ასევე მიჩნეული ტაძრის ფასადებზე მორთულობის ნაკლებობა და რაც არის, იმის უმრავლესობის კედელში ჩაფლულობაც. ეს ყველაფერი კი ფასადთა გაშიშვლების გამოწვევაა. თუმცა გერგეტის ტაძრის სხვათაგან გამომრჩევ ნიშნად მის ოთხივე ფასადზე არსებული სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჯვარია. მათგან კი აღმოსავლეთ კედელზე არსებული ჯვარი გმოირჩევა თავისი დიდი ზომითა და საგანგებო მორთულობით. აღნიშნული ფასადის მცირე ელემენტებიდან ასევე აღსანიშნავია მის ზედა იარუსზე არსებული პატარა სარკმლები. ესენი ფაქტიურად დეკორატიულ ფილებს წარმოადგენენ და მათში სარკმლების დანახვა ჭირს. ჩუქურთმაში ჩამალული პატარა სარკმლები საიდუმლო ოთახების გასანათებლად იყო გამიზნული და მათი ჩუქურთმის დეტალად წარმოსახვაც სწორედ იმ შეფარული მიზნის განხორციელება იყო, რა დანიშნულებაც მას პრაქტიკულად ენიჭებოდა.
  ტაძრის არქიტექტურული სტილით, მისი მორთულობით და მხატვრული ანალიზით და სხვ. მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ მისი აგება უახლოვდება საფარის, ზარზმის, ცაიშის გაუმბათოვან და დაბის დარბაზული ეკლესიების მშენებლობას. თუმცა მათ შორისაც არის გარკვეული ინტერვალი, მაგრამ არცთუ ხანგრძლივი და ყველა ერთი ეპოქის, კერძოდ XIV ს. ტაძრებადაა მიჩნეული. მათგან გერგეტი კი ყველაზე უფრო აქეთ, XIV ს. მეორე მეოთხედის მშენებლობად ითვლება. წყარო


No comments:

Post a Comment